weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2022

კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ „შეცდომით“, მოიხადეთ ბოდიში – წულუკიანი ISFED-ს

14:12 შაბათი, 12 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხმების პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დირექტორის, ელენე ნიჟარაძის მიერ გაკეთებული განცხადება საკმარისი არ არის და ISFED-მა ბოდიში უნდა მოიხადოს.

ელენე ნიჟარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, წულუკიანმაც სოციალურ ქსელში უპასუხა:

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ  სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?!

ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს?

მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის“, – წერს წულუკიანი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, გუშინ დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% აიღო.

დღეს ელენე ნიჟარაძემ ამ საკითხზე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ, 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – წერს ელენე ნიჟარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]