როგორც „ლელოში“ აცხადებენ, როდესაც არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, ეყრდნობიან არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანიზაციის ანგარიშს, არამედ „ლელოს“ ლიდერების, მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს - დაშინების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს.
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ISFED შედეგების პარალელური დათვლის დროს იყენებს იმ ოქმებს, რომლებიც დგება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მიემართებოდა ამ ოქმებს და მათში შეტანილ მრავალჯერად შესწორებებს, რის შედეგადაც სრულიად დაიკარგა შედეგების პირველადი, რეალური სურათის აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, ISFED-ის მიერ შედეგების პარალელური დათვლა მეთოდოლოგიურად ვერ და არ ასახავს ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას, ზეწოლას, ნების კონტროლს, ე. წ. „კარუსელს“, არასწორად გაბათილებულ ბიულეტენებს და სხვა მანიპულაციებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლელო“ მიიჩნევს, რომ არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული და „ცესკოს” მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„ხელისუფლება შეეცადა, პარალელური დათვლის შედეგებზე უცნაური და უსაგნო აპელირება წარმოეჩინა საზოგადოებისათვის ისე, თითქოს ეს შედეგები როგორმე ადასტურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მაშინ, როცა ასობით დარღვევაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი მძიმე ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება.
აქვე ჩნდება კითხვა, რატომ და როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მაშინ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული.
ეს განსაკუთრებით აჩენს ეჭვებს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ამას სთავაზობდა ოპოზიციას - გადათვლილიყო ISFED-ის მონაცემები, მაშინ, როცა წინსწრებით იცოდა, რომ ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
გუშინ, 11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. არჩევნების მეორე დღეს - პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, გუშინ დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% აიღო.
ISFED-ის მიერ აუდიტის შედეგების გასაჯაროებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა „არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით“. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ დაფიქსირდებოდა თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებდა.
დღეს, 12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემების კორექტულობაში ეჭვი „იმთავითვე, ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე“ შეიტანეს. როგორც მან აღნიშნა, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2.4%-"იანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც „რადიკალური ოპოზიციის ლიდერები“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
„აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე. ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.