weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვეყნის აყირავება შეიძლება გამოეწვია იმას, რომ PVT-ი ასცდა ცესკოს მონაცემებს – კობახიძე

02:17 კვირა, 13 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების დაზუსტებას.

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, PVT-ის ცდომილება, მათ შორის, სახალხო დამცველისთვის მთავარი საყრდენი გახდა იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან არასდროს მომხდარა ისე, რომ PVT-ის შედეგები ასცდენოდა ცესკოს მონაცემებს.

„PVT-სა და ცესკოს თანხვედრა მიუთითებს იმაზე, რომ სულ მცირე, ცესკოში და საარჩევნო ადმინისტრაციაში არაფერი გაფუჭებულა, ანუ არჩევნები არ გაყალბებულია. რასაც ედავებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში აბსოლუტურად უსამართლოდ და უტიფრად თამარ ჟვანიას, ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ყველაფერი აღმოჩნდა სიყალბე. თავზე ჩამოენგრა ეს ყველაფერი ოპოზიციას ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცხადებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გაუფრთხილდა არასამთავრობო ორგანიზაციას და რბილი განცხადებები გააკეთა, ISFED-ის რეაქცია კი არაადეკვატური იყო და არ შეესაბამებოდა იმ პრობლემას, რომელიც პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნებით შეიქმნა.

„ერთი რამ მინდა ვთქვა ძალიან დიდი დანანებით. იცით, რომ გუშინ ISFED-ს თავს დაესხნენ ოპოზიციის წამომადგენლები. იყო ძალიან დიდი შტურმი, თავდასხმა და ა.შ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება მუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავუფრთხილდით არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგადად, არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ რბილი და მოზომილი განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით იყო არასწორი და არაადეკვატური, ან არ შეესაბამება იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნა ამ არასწორი PVT-ის გამოქვეყნებით. რეალურად საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე.

პირდაპირ შემიძლია თქვა ასეთი მოცემულობით - ქვეყნის აყირავება შეიძლება გამოეწვია იმას, რომ PVT-ი ასცდა ცესკოს მონაცემებს. ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის არჩევნების მეორე დღეს და იქ ცდომილება ნიშნავს იმას რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ცდომილება დადო ISFED-მა და დღეს რომ საუბარია თუნდაც შეცდომაზე და ხარვეზზე, ამაზე სხვანაირად უნდა იყოს საუბარი და არა იქით შეტევის ფორმით“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი საფუძველი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ დაუბალანსებელი ოქმები იყო.

„როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, საუბნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანია ჩართული. არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც, შეიძლება, ადამიანს, ელემენტარულად, დიპლომიც არ ჰქონდეს აღებული, ანუ, არიან სხვადასხვა გამოცდილების და კვალიფიკაციის კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ, ბუნებრივია, ცდომილების რისკი არის ბევრად უფრო მაღალი.

იქ იყო ცინიზმი, ხუმრობები, სერიოზული შეურაცხყოფები იმის გამო, რომ სადღაც, რომელიღაც საარჩევნო უბანზე იყო არასწორად შედგენილი ოქმები და ამაზე ააგეს კამპანია გაყალბებასთან დაკავშირებით. ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა, ამხელა ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 850 უბანზე და ეს ერთადერთი ოქმი ვერ დააბალანსეს. როდესაც ზომიერად აფასებენ შენს ამხელა უბედურებას, რასაც შეიძლება ქვეყნის აყირავება მოჰყოლოდა, ეს არის...

ჩემი რჩევა იქნებოდა ISFED-ის ხელმძღვანელის მიმართ და ასევე, ალბათ, ნინო ლომჯარიას მიმართ, რომ ცოტა სხვანაირი რეაგირება უნდა მოჰყვეს, როდესაც ამხელა უბედურებას აღმოაჩენ ISFED-ის PVT-ში“, – განაცხადა კობახიძემ.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ი აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]