weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართული ოცნება“ ISFED-სგან ითხოვს უბნების იმ 8%-ის დასახელებას, სადაც დისბალანსი იყო

12:18 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასება, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი იყო, უხეშად მცდარია.

ISFED-მა 31 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“.

კობახიძის მტკიცებით, ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი.

„ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა.

PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება“, – თქვა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ISFED-ის ხელმძღვანელს 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, არაერთხელ სთხოვა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ ამბობს „პასუხები სუსტი“ იყო.

„ქართული ოცნება“ ორგანიზაციის დონორებს თხოვს, „დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“.

„მოვითხოვთ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ ხარვეზის გადამოწმებას ერთი დღე სჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]