weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ISFED-ი 2 კვირის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა ინფორმაციას უხეშ მანიპულაციაზე – კობახიძე

12:50 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ორი კვირის მანძილზე მალავდა ხმების პარალელურ დათვლაში (PVT) გამოვლენილ ხარვეზს, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა.

როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ISFED-ი მას შემდეგ გახდა იძულებული მონაცემები გაესაჯაროვებინა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან და ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ იყო მანიპულაცია.

„პირადად ჩავუღრმავდი ხმის პარალელურ დათვლას (PVT), მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით, რაც მეტყველებდა თავისთავად იმაზე, რომ მინიმუმ, რაღაც უხეში ხარვეზი იყო გაპარული. ამის შემდეგ გავუზიარე ჩემი მოსაზრებები შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა და ერთად შევჯერდით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ ხარვეზს. ეს მოხდა 9 ნოემბერს. 9-შივე გავაკეთეთ საჯარო განცხადება. მაშინ დაიწყო აუდიტი „სამართლიან არჩევნებში“.

17 ნოემბერს შევხვდით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრაზე ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო, სამწუხაროდ. ის უარყოფდა ამ ხარვეზს დეკემბერშიც, მაშინ, როდესაც გუშინ აღიარა, რომ ნოემბერში იცოდა ამ უხეში ხარვეზის თაობაზე.

ეს ძალიან მძიმე მოსასმენია. ასეთი ადამიანები დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო სექტორის, მაშინ, როდესაც ამ სექტორმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ვიდრე ISFED-ი გაასაჯაროებდა ამ მონაცემებს, ჩვენ ეს საკითხი პრინციპულად დავაყენეთ ელჩებისა და პოლიტიკური პარტიების წინაშე. დახურულ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ მანიპულაცია. სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ ორგანიზაცია გახდა იძულებული, გაესაჯაროებინა ინფორმაცია უხეში მანიპულაციის შესახებ. მანამდე, ისინი ორი კვირის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

გუშინ, 13 დეკემბერს, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო, გამოვლენილი ხარვეზის შესახებ კი ნოემბრის ბოლოს აცნობა დონორ ორგანიზაციას - USAID-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]