დეკანოიძის თქმით, შეცდომაა გრიგოლ ვაშაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს.
„არც ერთი ლიდერის არც ერთ განცხადებაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ბატონი გრიგოლი ოდიოზურ ფიგურებად. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქებდნენ დღეს მის ამ ნაბიჯს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მმართველ პარტიაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, რომელსაც „მთელი ამ წლების განმავლობაში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია – საქართველო ოლიგარქის გარეშე“.
„გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის ოპოზიციურ პარტიას ტოვებს. როგორც ვაშაძე წერს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. გროგოლ ვაშაძის თქმით, ვერ შეეგიება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ „ოდიოზური ფიგურები“. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამო.