weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არავინ ცხოვრობდა არც ერთ ნაგებობაში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა – კალაძე

21:11 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

თბილისის მერის განცხადებით, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში დაიწყო დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. როგორც კახა კალაძე ამბობს, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა.

„ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიას აქვს საფუძვლიანი ეჭვი თაღლითური სქემის არსებობაზე, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ.

„თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება - მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს.

ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული, ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს უკანონოდ. ამავე დროს სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ცილისწამება უწოდა, მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, რომ „თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა“.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

ეს შეგვიძლია ვნახოთ ფოტომასალაზე, შენობა-ნაგებობაზე თქვენ დაინახავთ თეთრ ფურცლებს, ეს არის ის წერილობითი მოთხოვნები დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია ეხმარება ისეთ მოქალაქეებს, რომელთაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ - ისინი გაყავს ქირით.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არც ერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ, ყველას დავეხმარებით, ყველას გვერდით დავუდგებით, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ფოტო © ანა არგანაშვილი

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო. ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ერთს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მათივე თქმით, არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მიწების და ფართების დაკანონებას პირდებოდნენ.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, როდესაც ადამიანებს საცხოვრებელ სახლებს უნგრევენ, უნდა მოხდეს შეფასება, რჩებიან თუ არა ისინი საცხოვრებლის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც დემონტაჟი ზამთარში, პანდემიის დროს ხდება.

„აუცილებელი იყო, რომ მერიას თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობა შეეფასებინა და შეეთავაზებინა შესაბამისი სოციალური დახმარებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]