weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კალაძის თქმით, საახალწლო დღეების სლოგანი „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“ იქნება

14:10 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაზეც საუბრა და განაცხადა, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული უამრავი ნეგატივის ფონზე, სოლიდარობას და იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა, დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის. ახალი, იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას. რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. მინდა, საახალწლო დღეები იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობითა და სოლიდარობით სავსე თბილისი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ახალი, 2021 წლის და ზოგადად, საახალწლო დღეების სლოგანი „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“ იქნება.

„ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს - ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. კახა კალაძის თქმით, მაღალი რისკის გამო, წელს საახალწლო სოფელი არ გაისხნება, აღნიშნული თანხა კი დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიიმართება.

როგორც კალაძემ თქვა, „ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“ 17 დეკემბერს აინთება, ხოლო საახალწლო კონცერტები, რომლებიც თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება.

რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]