weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ქართული ოცნება“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს წარადგენს

14:52 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020
ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნება „საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ“.

სარჯველაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები, თუმცა კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიც არის, მაგალითად, მკვლელობა, ან კიდევ ოჯახური ძალადობა.

„ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან. ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლების სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულის თანხმობა. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია ასევე წინაპირობად ნასამართლეობის არ ქონა. ასევე, გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება.

 წარმოდგენილი კანონპროექტი ზემოთ აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომლებიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის, მაგალითად, ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი რედაქციით, საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა.

„საგანგებოდ მინდა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგ შემთხვევაში 25 წელია სასჯელს იხდიან საპატიმროში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - რედ.) მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდეგ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს.

„ამის გათალისწინებით, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ასევე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისთვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა უპირველესად საშუალებას მისცემს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას და ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხვით. რა საკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებების პატივისცემა“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება.

კითხვაზე - ამნისტიის კანონის მიღების შემთხვევაში რამდენი ადამიანი დატოვებს ციხეს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: „ამაზე ზუსტი სტატისტიკის მოწოდება ამ წუთას არ შემიძლია, კატეგორიების მიხედვით უნდა ვისაუბროთ. სავარაუდოდ, იქნება რამდენიმე ასეულ პატიმარზე საუბარი, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ შევთანხმდებით და შევჯერდებით დისკუსიების პროცესში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]