weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კობახიძის თქმით, „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ კანონპროექტები მოამზადეს

12:37 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ არის მიმართული.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

„აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი ბულინგისა და შატაჟის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ისნტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინციირებული კანონპროექტების პაკეტი“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტების პაკეტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

ამასთან, კობახიძის თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგაც პარტიებს შეუძლიათ განახორციელონ ისეთი ქმედება, რომლითაც მათ შეუნარჩუნებათ და არ შეუჩერდებათ სახელმწიფო დაფინანსება.

„აქედან გამომდინარე, აქ კანონის უკუძალის პრობლემა თავიდან ბოლომდე არის მოგვარებული და უკუძალა აქ აქტუალური არ არის.

ეს კანონპროექტები მიმართულია საბოტაჟის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, ამ კანონპროექტების გამო საბოტაჟზე თქვან უარი და შემოვიდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნება ძალიან კარგი. ამ შემთხვევაში მათ არ შეუჩერდებათ სახელმწიფო დაფინანსება და არც საეთერო დრო.

პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი და საარჩევნო კოდექსი გარკვეულ პრივილეგიებს ითვალისწინებს დემოკრატიულ პროცესში ჩართულობისთვის. თუ შენ რადიკალურად ემიჯნები დემოკრატიულ პროცესს, ბუნებრივია, ამ პრივილეგიით არ უნდა ისარგებლო. ძალიან მარტივი სამართლებრივი ლოგიკაა აქ ჩადებული და ეს არის ერთადერთი სწორი რეაგირება, რაც შეიძლება კანონმდებლობაში იყოს ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა.

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება სცნეს. პირველი სხდომის შემდეგ, საპარლამენტო მანდატებზე უარის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ შემავალმა პარტიებმა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]