weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გალის რაიონისთვის ბიუჯეტის შემცირებას ითხოვენ

20:46 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარალამენტის კომიტეტის სხდომაზე რაიონების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტები განიხილეს. გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, გალის რაიონის ბიუჯეტის განხილვას მწვავე დისკუსია მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ნატალი სმირმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, რაიონს დაფინანსება 50 მილიონი რუბლით შეუმცირდება.

2021 წლის გალის რაიონის ბიუჯეტი 231 მილიონი რუბლით არის განსაზღვრული, საიდანაც 190 მილიონი ე.წ. ცენტრალური ბიუჯეტიდან დოტაციაა, ხოლო 42 მილიონი რაიონის შემოსავალია.

კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ფილიას უთხრა, რომ გალის რაიონი დიდია და იკითხა, აფხაზეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს იქ. ფილიას განცხადებით, გალის 30-ათასიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 1000 აქვს აფხაზური პასპორტი.

„15 ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს გულრიფშის რაიონში. ჩვენ ეს კითხვა დავუსვით თემურ ნადარაიას: „ვის ვუხდით ფულს?“. მრცხვენია თქვენ გკითხოთ“, – უპასუხა კონსტანტინე ფილიას ნატალი სმირმა.

კონსტანტინე ფილიას თქმით, ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება მიწის გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, თანხა, რომელსაც დოტაციით იღებენ მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასებსა და საბავშვო ბაღებში კვებისთვის იხარჯება.

ამასთან დაკავშირებით ნატალი სმირმა განმარტა, რომ „გალის რაიონის მცხოვრებლები ორ ხელფასს იღებენ: ერთი ირიცხება საქართველოდან, ხოლო მეორე აფხაზური ბიუჯეტიდან“.

ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა, აფხაზეთის რამდენი „მოქალაქე“ მუშაობს გალში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში და რის საფუძველზე იღებენ ისინი ხელფასებს, რაზეც კონსტანტინე ფილიამ თქვა, რომ გალის რაიონის მცხოვრებლების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.

„რა გავაკეთეთ ჩვენ? ჩვენ მთელი რაიონი ჩვენი მცხოვრებლებით მივეცით საქართველოს. ჩამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამეტიდან, ევროკავშირიდან, ჩვენ ვხვდებით. ვურეკავ საგარეო საქმეთა მინისტრს და ვეკითხები, როგორი რიტორიკა გამოვიყენო, ის მეუბნება, რომ „საქართველოს მოქალაქეები“. მე ვიწყებ საუბარს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქები ცხოვრობენ... რაც შეეხება ათას ადამიანს, ეს პასპორტიანი მოქალაქეები არიან, რაც შეეხება დანარჩენებს - ისინი ჩვენი ხალხია. დიახ, ჩვენ გვქონდა ომი და ნათესავებიც კი, რომლებმაც ჩვენ ზიანი მოგვაყენებს, გვძულს.  მაგრამ აქედან უკვე უნდა ამოვიდეთ. 2600 ბავშვი გვყავს, 500-ზე მეტი საბავშვო ბაღში. პასპორტებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ბიუჯეტი საერთოდ არ გვჭირდება. დაახლოებით 890-მდე ადამიანი გვყავს სამურზაყანელი აფხაზების სიაში - ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიარეს ყველა აფხაზური ინსტიტუტი, მათზე გაცემულია ცნობები, რომ მათი გვარები წარმოშობით აფხაზურია და კანონით ყველას აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობის უფლება. მაგრამ ჩვენ ვაგვიანებთ მათ, თვეში განვიხილავთ ერთ ან ორ შემთხვევას, უკან ვაბრუნებთ... არადა, საჭიროა ყველა ერთნაირად გავატაროთ“, – განაცხადა ე.წ. გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, რაიონის ადმინისტრაციაში დასამებულების 70%-ზე მეტს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ არ აქვს. როგორც კონსტანტინე ფილია ამბობს, ადმინისტრაციას მატერიალური დახმარების თხოვნით მიმართავენ ადამიანები, რომელთაც ნამდვილად ჭირდებათ დახმარება, თუმცა გაუგებარია, როგორ დაეხმარონ, როდესაც არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ.

მან რაიონში შექმნილ ვითარებას კატასტროფული უწოდა, „რადგან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ელემენტარული უფლებები აქვს ჩამორთმეული“.

გალის ბიუჯეტის შემცირების მომხრეა ე.წ. დეპუტატი გივი კვარჩიაც. ის მიიჩნევს, რომ გალის რაიონში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა უმრავლესობა უკანონოდ იღებს ხელფასს „რესპუბლიკის ბიუჯეტიდან“.

„რამდენად აკონტროლებს ქალაქის ადმინისტრაცია საზღვარზე გადასახადების ადმინისტრირებას? საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 64 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს კოლოსალური შემოსავლები ბიუჯეტში უნდა შემოსულიყო და ჩვენ ისევ გალის რაიონის სუბსიდირებას ვახდენთ? ეს საერთოდ უცნაურია“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სხვა რაიონებთან მიმართებაში უსამართლობა იქნება, თუ გალის რაიონს დაფინანსება არ შეუმცირდება.

კონსტანტინე ფილიამ თქვა, რომ 2020 წელს გალის რაიონიდან 450 ტონა თხილი გავიდა, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს ეკუთვნოდათ, საზღვარზე გადასახადი გაუქმებულია და ამის გამო რაიონის ბიუჯეტში თანხა არ შევიდა. ფილიას თქმით, სხვა გამოსავალი ნახეს - რაიონმა გამოყო სატვირთო ტრანსპორტი, რომელსაც „საქართველოს ტერიტორიაზე“ ერთი კილო თხილი 2 რუბლად გადაჰქონდა.

„ამ სახის საქმიანობიდან ბიუჯეტში დაახლოებით 900 ათასი რუბლი შემოვიდა“, – განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.

მას ე.წ. დეპუტატი გივი კვარჩია არ დაეთანხმა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ერთი კილოგრამი თხილის გატანისთვის სოფლის მცხოვრებლებს 15 რუბლს ართმევდნენ და არა 2-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]