ლევან ვარშალომიძემ ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.
პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები სოციალურ ქსელ Facebook-ში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ორი დღის წინ დაიწყო.
„ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.
ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2019 წლის მარტიდან გრიგოლ ვაშაძე იყო. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პარტიას და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. როგორც ვაშაძე განმარტავდა, არ ეთანხმებოდა პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და მისთვის მიუღებელი იყო პარტიული სტრატეგიის არარსებობა. გროგოლ ვაშაძის თქმით, ვერ შეეგუებოდა იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ „ოდიოზური ფიგურები“. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამდა სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამო.