როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის რჩება ოპოზიციურ ერთობაში და არ განიხილავს პარლამენტში შესვლის საკითხს. მას არ დაუსახელებია, ვისთან ერთად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას.
„ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ, მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და რა თქმა უნდა, ამის შესახებ საზოგადოებას დეტალურად ვაცნობებ.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამ საკითხზე განცხადება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავდა და ეს პარტიისთვის ცნობილი იყო.
„როგორც ჩანს, მისთვის უფრო მისაღები გახლავთ თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც მას ხელები ექნება გახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც სამოქალაქო აქტიურობა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩატარებული აქციები ითვალისწინებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.