„მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.
ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.
ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წელი უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, რადგან „უხილავ მტერთან ომში აღმოვჩნდით, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები“.
„დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი.
რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ.
უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები - ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, - მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი.
ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო.
„დღეს მთელი ქვეყანა, მათ შორის, პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში. ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.