„რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი. დღეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია“, – აცხადებს მელია.
მისი თქმით, ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა და არც იმას, რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.
„ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა - დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.
ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.
ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც“, – აცხადებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე.
მისივე თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება.
„ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად - შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება“, – აცხადებს ნიკა მელია.