„თქვენგან პირველად მესმის, რომ საქართველო რაღაც დახმარებას გვთავაზობს. ჩვენთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი მცდელობა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ქართველებთან ჩვენ კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა ლევ კვიცინიამ გამოცემა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, აფხაზეთს ხანძრების ჩაქრობაში დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს და ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: ავიაციის ერთი დღით მუშაობა დაახლოებით 50 ტონა საწვავია, ასეთი რაოდენობის საწვავი ჩვენ არ გვაქვს, ეს შეუძლებელია. ყველაფერი რაც ვერტმფრენს უკავშირდება, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი ხარჯებია“, – განაცხადა კვიცინიამ.
როგორც ის ამბობს, ხანძრების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს და დღეს საღამოს, ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმაა მოსალოდნელი.
რამდენიმე დღეა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ტყისა და მინდვრების ხანძრებია. განსაკუთრებით რთული ვითარება გაგრაშია, სადაც ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ტყის მასივშია. დღეს ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აცნობა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ მზად იყო ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღმოეჩინა, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საშუალებით.
„დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ ხელთ არსებული არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.