weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან – ივანიშვილი სიღარიბის შემცირებაზე

11:33 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, საკუთარ წერილში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზეც წერს. მისი თქმით, საქართველოს მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება.

„ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს“, – აცხადებს ივანიშვილი.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სიღარიბე „ქართულ ოცნებას“ მემკვიდრეობით ერგო, ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ მისი მმართველობის შედეგია.

„ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება იყო.

„მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს“, – წერს ივანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]