„ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტიც იმაზე, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ლიდერები. ჩემი თხოვნაა და შევახსენებდი ერთადერთს - თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ ისინი მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ არანაირი პრობლემა „ქართულ ოცნებას“... ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს. თუ ეს ვერ მოახერხეს და ერთმანეთში საქმის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება საქმე გაუარესდეს, თუმცა, თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს. „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. პოლიტსაბჭომ ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარადგინა.