weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას არავის მივცემთ – გახარია

11:24 პარასკევი, 15 იანვარი 2021

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელების გარანტი იქნება.

ამასთან, როგორც გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეების დაპირისპირების ხელშეწყობის ან პროვოცირების მცდელობები აღკვეთოს.

„ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც სოფელ ბუკნარში მოხდა. რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით საუკუნეების მანძილზე ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის.

ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა, ასევე არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა იმის, რომ ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ მხარეების შერიგების მიზნით შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. როგორც ცნობილია, მასში მონაწილეობა ქრისტიანმა და მუსლიმმა სასულიერო პირებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ. გუშინ, ჩოხატაურის მერიასთან გამართული აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედრა მას შემდეგ შედგება, რაც სოფლის მუსლმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა შესრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]