„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს.