weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

11:40 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ.

გახარიას განცხადებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პოსტ-კოვიდურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენაა. შესაბამისად, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკურ საკითხებს გაუწევს კურირებას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის - ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკის სფეროს ეხება. მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმიტომ, რომ გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, მეორე საკითხი, რომელიც ასევე პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობისთვის, ქვეყნის დეოკუპაცია და საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციაა. ამ მიმართულებით მთავრობის საქმიანობას საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. 

„მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში - პირველ რიგში, მზად  ვიყოთ და გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და იმ მოვლნებზე, რომელიც რეგიონში ვიტარდება. ამიტომ ლოგიკურია, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერად 2018 წლიდან მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე პირველად მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]