გიორგი გახარიას თქმით, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე - „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა, რომ ახდენს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციას, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას. ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).