weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი დეოკუპაციისთვის ბრძოლაში – გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

12:20 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

„დღეს არის საქართველოს უახლეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღეს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას თქმით, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე - „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა, რომ ახდენს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციას, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას. ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]