weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – ლომჯარია

22:23 შაბათი, 23 იანვარი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარეს. „ალტერნატივას“ წევრები ჩავლეიშვილს „მონას“ ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ მას აქციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან უმაღლეს საბჭოში შევიდა.

„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ, წნევიანი კაცია მაინც“, – განაცხადა „ალტერნატივამ“

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი პროტესტის უკიდურესი ფორმაა და შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ქამადაძის განცხადებით, არ იცის, კონკრეტულად ვინ დააყარა დეპუტატს თავზე ნაგავი, თუმცა იქ მისი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა“.

„სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – თქვა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, რომან გოცირიძის თქმით, „ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, ბოლშევიზმია“.

„რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 7 მანდატი მოიპოვა. ირაკლი ჩავლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი იყოს. ის ერთადერთია ამ სიიდან, ვინც მანდატზე უარი არ თქვა. უმაღლეს საბჭოში შესვლასთან ერთად, ჩავლეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიც დატოვა.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]