„ამ არჩევნებს არ უნდა შევხედოთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ეს უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ პროცესად. არჩევნები მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება. საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს ეს პროცესი გადააქციოს პოლიტიკურ პროცესად და ეს ირმა ინაშვილი იქნება“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მისივე თქმით, 17 სექტემბერს აქცია თბილისში, 24 სექტემბერს - ბათუმში, 1-ელ და 8 ოქტომბერს კი კვლავ თბილისში გაიმართება. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება.
ირმა ინაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 19.48 % მიიღო და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ჩამორჩა.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“), ელენე ხოშტარია („მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა“), ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) და ალეკო ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.