weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე ლავრენტი გოგსაძე დააკავეს

16:12 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლავრენტი გოგსაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ერთ-ერთ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მიღებაში ხელს უშლიდა, გამარჯვების შემდეგ კი კომპანიას სისტემატურად უქმნიდა პრობლემებს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ.

„ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება“, – განაცხადეს სუს-ში.

მათივე ცნობით, გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა.

„აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – აცხადებენ სუს-ში. 

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

„რეგინფო“ წერდა, რომ ლავრენტი გოგსაძე ერთ-ერთი იყო თბილისის რაიონების მოადგილეებს შორის, ვინც 2015 წელს 15-ჯერ მიიღეს პრემია-დანამატები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]