„ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვიზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა ბოლოს ის ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც, სინამდვილეში, ამ ქვეყნის პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ელეკო ელისაშვილმა.
ლევან იოსელიანმაც თქვა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება მნიშვნელოვანია და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
„ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის და მხარს არ დაუჭერს მათი მანდატების გაუქმებას. ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება. ჩვენ ეს დავამტკიცეთ – გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, ბოლომდე მივიყვანეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი. ეს არის სრულიად ოპოზიციის მონაპოვარი, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია და დღეს მგონია, რომ ამ მოლაპარაკების გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადალევან იოსელიანმა.
დღევანდელ პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და პარლამენტის წევრები პირველ რიგში განიხილავენ 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.