არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წულუკიანმა არა მხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
„საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია.
ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს.
საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ახალისებს. გასულ წელს, ომბუდსმენის თქმით, წულუკიანმა პატიმრებთან მისი კონფიდენციალური ვიზიტი უკანონოდ გაასაჯაროვა“, – აცხადებს TI და მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას“, „შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა“.
დღეს, პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერიც გამოაცხადა.
„შემომატებულ დეპუტატებს მინდა მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ – გაყალბდა თუ არა არჩევნები – იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?! ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გვარამიას თქმით, მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ ბევრი უცნობი ზარი მიიღო.