ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს შეახსენეს გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრების ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ქართველმა კოლეგებმა მათ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა გააცნეს.
„ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.
მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.
ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში.
თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა“, – აღნიშნავენ ევროპარლამენტარები თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.
მათივე თქმით, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი
„ის არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის.
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.
ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა“, – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიკსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი და პეტრას აუშტრევიჩიუსი.
2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რაზეც ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ეს უსიამოვნო სიურპრიზი იყო. კარლ ჰარცელის განცხადებით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა და ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურია. ამის შემდეგ წულუკიანმა ჰარცელი პარლამენტში მიიწვია, რათა ელჩის განცხადება განეხილათ. ელჩთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა თქვა, რომ ელჩის განცხადება მისი პირადი აზრი იყო და არა ევროკავშირის პოზიცია.