როგორც სამნიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა, „რესპუბლიკელები“ კონკრეტული კენჭისყრებისთვის შევლენ პარლამენტში და ხმას ქვეყნის მომავალს მისცემენ. სამნიძის თქმით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში დარჩენას და მუშაობას.
„თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის შემოგვთავაზოს უბარიერო, ანუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, სამი მოსმენით, მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი დავუჭიროთ.
ამას აქ ვამბობ პირველად და დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ. ჩვენ ვართ ახლა სტაგნაციაში, გვაქვს ბევრი ფრონტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
უბარიერო, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა პარტია „გირჩიც“, რომელსაც არჩევნების შედეგად 4 საპარლამენტო მანდატი აქვს მოპოვებული. როგორც პარტიის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად „ქართული ოცნება“ „დადებს სრულად პროპორციულ უბარიერო არჩევნებს, „გირჩის“ სიით ოთხი კაცი შევა პარლამენტში და მათ კოლეგების შეყვანის სურვილიც ექნებათ“.
„ქართული ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგინდება 5%-იანზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. იქვე აღნიშნულია, რომ ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში.
კონსტიტუციური კანონპროექტის მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია, საიდანაც 90 „ქართული ოცნების“ წევრია.