weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გოგაშვილის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ ზეპარტიულ ორგანიზაციას შექმნის

22:03 შაბათი, 13 თებერვალი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ ზეპარტიული ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს. გოგაშვილმა ამაზე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვილაპარაკებ ყველაფერზე, რაზეც აუცილებლობა იქნება, რომ ვილაპარაკო. პრობლემა იქნება სუს-ში? კორუფცია იქნება სუს-ში? – ვილაპარაკებ. არ არსებობს საქმე, რომლითაც სოსო გოგაშვილს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ, იმიტომ, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი „ზეპარტიული ორგანიზაციის“ დაფუძნებაზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ჯერ ერთი, არის საჭიროება ასეთი ზეპარტიული ორგანიზაციის, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კვლევებზე იმუშავებს ობიექტურად, გააშუქებს პრობლემატიკას, ყველა ნაკლოვანებას, რაც არსებობს, რაც არის ეროვნული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. ამავდროულად, ის გამოცდილება, ცოდნა, ინფორმაციები, რაც მე დავაგროვე წლების განმავლობაში იმ „გავლენიან სამსახურში“, არ მინდა დაიკარგოს. მინდა, რომ გამოადგეს ქვეყანას.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება კვლევები, ანუ ის ნაკლოვანებები, რაც დავინახე სამსახურში ყოფნის დროს, არა მარტო იმ სამსახურში სადაც ვმუშაობდი, არამედ ძალოვან უწყებებში. ჩავატარებთ კვლევებს, რაც მე უკვე ვიცი, რაც პრაქტიკაში გამოვცადე. იყო კოორდინაციის პრობლემები და ა.შ.

აქ გასარისკი არაფერია. ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც მოვიდა, ხმალი უნდა იქნიოს და თავები აწყვიტოს ჩინოვნიკებს. ეს ორგანიზაცია იქნება პოზიტივზე ორიენტირებული“, – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ხელისუფლებას პრობლემების მოგვარების გზებსაც შესთავაზებს.

„ვიმუშავებთ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, დავდებთ გეგმას საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე დეოკუპაციის ჭრილში. რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის გავლენებზე შიგნით. საქართველოში არამარტო რუსეთის, ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ და მათ თავისი ინტერესები აქვთ.

ჩვენ ძალიან კონტრუქციული შეთავაზებები გვექნება, ისინი თუ ამას გაითვალისწინებენ და შეიცვალა არსებული მიდგომები, ეს ქვეყანას წაადგება. თუ არა, ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მოგვისმენს და რომელიც განახორციელებს ამ რეფორმებს“, – თქვა გოგაშვილმა.

შეკითხვას, შეიძლება თუ არა, ასეთი პოლიტიკური ძალა იყოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გოგაშვილმა უპასუხა:

„როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნება ტერორისტული წარმომავლობის და მიდრეკილებების ადამიანებს, მასთან საუბარი შესაძლებელი გახდება. ჩემთვის წითელი ხაზი არის ტერორიზმი. ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მის რიგებში არიან ტერორისტები და კრიმინალები, მასთან საუბარი წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – ამბობს გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო  2015-2018 წლებში. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა. 2020 წელს ის პარტიიდანაც წავიდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]