weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკა მელიას დაპატიმრება აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს – სახალხო დამცველი

12:31 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს, მით უმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება“,  – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის  მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ  3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით), ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო – 40 ათასი ლარი არ გადაიხადა, პროკურატურამ მის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა გადაწყვიტა და 12 თებერვალს თანხმობისთვის პარლამენტს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე ორ თვეზე მეტია უარს აცხადებს, მას დეპუტატის მანდატი ამ დრომდე გააჩნია. კანონმდებლობით კი, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

პროკურატურა ნიკა მელიას 2020 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]