სუბარმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისი ღვაწლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით წარმოუდგენლად დიდია.
„დღეს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და შემდეგ იქ, ბრიფინგზეც რომ ვიდექი, მეღიმებოდა, რომ წარმოვიდგენდი რამხელა დიდ სიხარულს გამოიწვევდა ეს ჩვენს თანაგუნდელებში, რომლებიც 2012 წლიდან მოგვყვებიან და მართლა „ქართული ოცნების“ ერთგული და თავდადებული ჯარისკაცები არიან. კიდევ უფრო მეტად მეღიმებოდა იმის გამო, რომ წარმოვიდგინე აეროპორტის გზაზე „ნაცების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციის წაშლილი და ნირწამხდარი სახეები“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კრიზისი მხოლოდ 6 საათი გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.