weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შესაძლოა რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდეს

21:09 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ მიმართავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, თქვას, რა გეგმები აქვს კორუფციაში მხილებულ და გაკოტრებულ ჩინურ კომპანიასთან (CEFC) დაკავშირებით, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა და რომლის საკუთრებაშიც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ია. ორგანიზაციის განცხადებით, ეს საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გაკოტრებულ ჩინურ კომპანიას რუსეთის სახელმწიფო ბანკის უზარმაზარი დავალიანება აქვს და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, შესაძლოა, რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდეს.

„ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერესებზე გადის.

ამ დრომდე კომპანია CEFC-ის საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 %. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია“, - აცხადებს „სამოქალაქო იდეა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები შეიძლება რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება გახდეს, იმ ბანკის, რომლის უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას.

„მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, განმარტოს, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით?

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე, განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში“, – აცხადებს „სამოქალაქო იდეა“.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქ ფოთის ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე, 304 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილს მთავრობის №72 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. ფუნქციონირების ვადა 99 წელია. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2010 წლიდან მუშაობს. ეწევიან სხვადასხვა სამრეწველო და ლოგისტიკურ საქმიანობებს, აწარმოებენ მსუბუქ და მძიმე მრეწველობის ისეთ პროდუქციას, როგორიცაა ქიმიური სამუშაოები ფოლადის გადამუშავება და სხვა.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედებს საგადასახადო შეღავათები: მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებთ საქართველოსთან; უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით; განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით; მოქმედებს ასევე ქონების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი; ანგარიშსწორება ხდება ნებისმიერი ვალუტით.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 15 %-ის მესაკუთრე რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოა, არაბთა გაერთიანებული საემიროები; 10% სახელმწიფოს ეკუთვნის; 75% შპს „სი ი ეფ სი“ (ევრო-აზიური).

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013-2015 წლებში კი პრემიერ-მინისტრი, ჩინურ კომპანიაში რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად 2018 წელს მუშაობდა. 2019 წლის მარტში ღარიბაშვილი ჯერ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დანიშნეს, იმავე წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად, სადაც 2021 წლის 18 თებერვლამდე მუშაობდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგებოდა და ღარიბაშვილს „ქართული ოცნება“ კვლავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]