weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია 25 თებერვლისთვის დაგეგმილ აქციას აუქმებს და ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს

22:19 კვირა, 21 თებერვალი 2021

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ 25 თებერვლისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართეს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებას მისცეს ვადა კომპრომისისთვის.

„ჩვენ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლის თავის აქცია, რომელშიც რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს და უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან; იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო კონგრესიდან, სენატიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - მათ აქვთ ორი არჩევანი: ან დაპირისპირება, კონფრონტაცია, ან შეთანხმება და მოლაპარაკებები. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ მზად ვართ შეთანხმება/მოლაპარაკებისთვის და მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ მხოლოდ კონფრონტაციას.

მაგრამ დღეს, კიდევ ერთხელ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის და 25 თებერვლის აქციას გადავდებთ. იმედი მაქვს, ამას დაინახავს მეორე მხარეც“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ითხოვს, პოლიტიკური ანგარიშსწორების დასრულებას, საარჩევნო სისტემის შეცვლას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელმაც საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა, ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლის დროს იმედი გამოთქვა, რომ „მთავრობა უპასუხებს დიალოგთან დაკავშირებით კეთილ ნებას“.

„როგორც ვხვდები, ეს მოდის ყველა პოლიტიკური პარტიიდან საქართველოში. უპასუხებს კეთილ ნებას დიალოგთან დაკავშირებით, შეტაკებებისა და რეპრესიების ნაცვლად. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ტრანსატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ეს ერთადერთი გზაა, რადგან თქვენ ვერასდროს შეძლებთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, თუ იქნებით ერთპარტიული დემოკრატია. ეს საერთოდ არ არის დემოკრატია“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ლიეტუველი დეპუტატი გუშინ და დღეს შეხვდა როგორც ოპოზიციის ლიდერებს, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]