„ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე მინდა მათ მივმართო: ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია.
ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შესაძლოა ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს (ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს), მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია, ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში.
მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც დეტალები, თუ რა გზით მოხვდებიან პარლამენტში, თუ ამ შენობიდან, ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, „დესტრუქციული ოპოზიცია თავისი პარტიული ტელევიზიებით საინფორმაციო ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას“ აწარმოებს.
„შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამია, რომ მრავალჯერ გამეორებული სიცრუე ხანდახან სიმართლე ხდება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, რადგან ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა, სხვა ინტერესები აქვს, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა.
თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, მე და მთლიანად ჩვენი გუნდი მივესალმებით მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მეორედ მას შემდეგ წარადგინა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარია გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატის) მხარდაჭერა.