weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხელისუფლებამ უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და გაათავისუფლოს მელია – კვირიკაშვილი

14:59 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ქვეყანას მნიშვნელოვნად დახევს უკან. კვირიკაშვილის აზრით, მოქმედმა ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

„იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდავოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში“, – აცხადებს კვირიკაშვილი.

ყოფილი პრემიერი იქვე განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით მისთვის სრულიად მიუღებელია“.

„2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

ნიკა მელია, რომელსაც პროკურატურა ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, სპეცოპერაციის შედეგად დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა აღასრულეს 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიერ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან 2018 წლის ივნისამდე იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]