weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა – ბოჭორიშვილი

17:04 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეკითხვას – ხომ არ განაპირობა სანაიაზე თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ, დეპუტატმა ასე უპასუხა:

„ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს.

არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და ზოგადად, ყველასთვის, ჩემთვის პირადად სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან.

ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ჟურნალისტს და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას თავს წუხელ დაესხნენ. სანაიას თქმით, მასსა და მის ნათესავს ფიზიკური შეურაცხყოფა სამმა პირმა მიაყენა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჟურნალისტი ძალადობას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა იცნეს და აგრესიას მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ავლენდნენ.

„მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, „ტვ პირველის“ მიმართ. საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი მამაკაცი, გამოძიება კი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი.

„ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედებები ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა“, – აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]