საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი 6 თვის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღება და არასაპატიო მიზეზით სხდომებზე გამოუცხადებლობა გახდა.
„ბოიკოტის რეჟიმი წარმოდგენილი იქნა იანვრის თვეში, უკვე 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ და ეს არგუმენტი არ არის“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან.
ყოფილი დეპუტატების თქმით, საკრებულომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მამული სურმანიძემ განაცხადა, საკრებულოს სხდომებზე არდასწრება, არ ნიშნავს, რომ საკრებულოს მუშაობაში ჩართული არ იყო: „იქ ფრაქციის სხდომებია, წერილობითი ინფორმაციებია, მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრებია“, – განაცხადა მან.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბონდო თედორაძე მიიჩნევს, რომ ის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური აქტივობის გამო დასაჯეს.
„დარწმუნებული ვარ და მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა არაუშავს. თუ მათ ჰქონდათ იმის გათვლა, რომ აქ ხელფასს ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მომხრეების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ უსამსახუროდ დატოვა“, – აღნიშნა თედორაძემ.
ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის სხვა წევრები ჩაანაცვლებენ.