weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„შეწყვიტოს ხელისუფლებამ მედიის მიმართ სიძულვილის წახალისება“ – მანიფესტი

00:19 კვირა, 28 თებერვალი 2021
კადრი ტელეკომპანია ფორმულას ეთერიდან კადრი ტელეკომპანია ფორმულას ეთერიდან

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მედიაგარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართავენ. მანიფესტი ონლაინ გამოქვეყნდა და ხელმოწერა ყველას შეუძლია.

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.

სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს.

მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს“.

მანიფესტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას სამი ადამიანი თავს დაესხა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ის იცნეს და ფიზიკურად პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ.

პოლიციის მიერ დაკავებულ სამ პირს ბრალი დევნის, მუქარისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]