weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამცხის დეპუტატმა დაბადების დღე კომენდანტის საათის დროს წვეულებით აღნიშნა

16:57 კვირა, 28 თებერვალი 2021

პარლამენტის მილიონერმა წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 23 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს საკუთარი დაბადების დღე წვეულებით აღნიშნა. „მთავარი არხის“ კადრებიდან ჩანს, რომ სტუმრებს შორის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია და თბილისის მერი კახა კალაძეც იყვნენ.  

„დღეს ჩემი დაბადების დღეა. იქნებ მოგელოცათ. იქნებ გეთქვათ, ანტონ, გილოცავთ დაბადების დღესო“, – უთხრა ობოლაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რა იყო დღესასწაულის მიზეზი.

წვეულება იმავე დღეს გაიმართა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცოპერაციის შედეგად დააკავა და ამასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა.

„მყავს სტუმრები. დღეს არის ჩემი დაბადების დღე. მოდიხართ და მეკითხებით, მელიას დაჭერას აღნიშნავთო. სრული აბსურდია. როგორ შეიძლება ამის თქმა. არავის გაუხარდება ვინმეს დაკავება და დაჭერა“, – თქვა ობოლაშვილმა.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დეპუტატმა განმარტა, რომ წვეულება დაგეგმილი არ ჰქონდა და მეგობრები არ დაუპატიჟია.  

„როგორც ამბობენ ისე არ არის, მე წვეულება წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა, უბრალოდ მეგობრები მოვიდნენ და ვივახშმეთ. სტუმარი რომ მოდის, იმას ხომ არ კითხავ საშვი აქვს თუ არა?! არ დამიპატიჟებია, მეგობრები არიან და მოვიდნენ“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანტონ ობოლაშვილმა.

2020 წლის 8 ნოემბრიდან ე.წ. კომენდანტის საათი შვიდ დიდ ქალაქში დაწესდა, 28 ნოემბრიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. დღემდე შეზღუდულია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში ყოფნა და გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისზეც მთავრობას სპეციალური საშვი აქვს გაცემული. სხვა შემთხვევაში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით ჯარიმდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]