weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მანქანებში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ავზი იტევს

14:38 ორშაბათი, 01 მარტი 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავს ასხამდნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებზე ჯამურად 4435 ლიტრი საწვავია ჩასხმული.

მაგალითად, ავტომობილის – სახელმწიფო ნომრით WW 230 VV – ავზის მოცულობა 70 ლიტრია, თუმცა, აუდიტის ჯგუფის მიერ მერიიდან გამოთხოვილი საწვავის ხარჯვის დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წლის 28 თებერვალს, 20:39 საათზე, ავზში ერთჯერადად 110 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.

„მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ავტორიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია აგაი სისტემით და ავტომობილების ავზებზე დამონტაჟებულია სპეციალური „ჩიპი“ (მეხსიერების ბარათი). აღნიშნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელობის მიერ საწვავის ხარჯვაზე სათანადო ზედამხედველობა, ასევე ავტომობილებში ჩასხმული საწვავის რაოდენობის, ავტოგასამართი სადგურის, სატრანსპორტო საშუალების და სხვა მონაცემების იდენტიფიცირება.

ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ჩიპი“ მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

2018-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტმა 313.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი გამოიყენა, მათ შორის: 85,775.6 ლიტრი ბენზინი (137.9 ათასი ლარი), 22,432.8 ლიტრი დიზელი (50.6 ათასი ლარი) და 94,920 კუბ.მ ბუნებრივი აირი (124.7 ათასი ლარი).

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ მერიაში კონტროლის სუსტი მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული „ჩიპის“ მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს.

„მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია დასკვნისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

 

უწყება თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, გააანალიზოს სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან და მათ მიერ საწვავის მოხმარების პროცესში დანერგილი კონტროლის არსებული მექანიზმები და სისუსტეები, ამასთან ერთად გათვალისწინებულ იქნეს აუდიტით იდენტიფიცირებული ხარვეზები;
  • საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ, დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება;
  • სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]