„დღეს ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლის, მონაწილის მიერ დასმული კითხვები და, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი.
შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომლის ინიციატივითაც შეხვედრა შედგა, მხარეებს მოუწოდა საერთო ენა რაც შეიძლება მალე იპოვონ.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს.
კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს ხალხს, ერს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია. სწორედ ამ საკითხებზეა ახლა საჭირო კონცენტრაცია და გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენი მხრივ ასევე ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.