შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირს სურს მხარი დაუჭიროს ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რათა საქართველოში ჩატარდეს რეფორმები კორუფციასთან საბრძოლველად.
„რათა დავრწმუნდეთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა რეალობაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა დავრწმუნდეთ, საერთო მიდგომა და საერთო მხარდაჭერა არსებობს, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისადმი. ეს ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ეს ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი იარაღია ამ ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად, ამ ძლიერი სახელმწიფოს კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ასაყვავებლად. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, გამოვხატოთ, აქტიურად ვუსმინოთ განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგიდაზე ზოგიერთი ნაწილები დავდოთ, რათა ფასილიტაცია მოვახდინოთ დიალოგის ხელახლა წარსამართად. მე მოხარული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა პროგრესის მისაღწევად.
ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ გვქნება შესაძლებლობა, ვნახოთ, სად ვართ და იმედი მაქვს, ვნახავ, რა პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა თავად შარლ მიშელი და ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.