weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უთხარით, დენის ფულს აღარ გადაიხდიან, ცარიელია ის სოფლები - ენუქიძე ნამახვანჰესზე

20:02 სამშაბათი, 02 მარტი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„იმ მოსახლეობას ვინმემ გამოუცხადოს, რომ 10 კილომეტრში რომელი სოფლებიც არსებობს, გათავისუფლდებიან დენის გადასახადისგან. არაფერი არ უჭირს, იქ არ არის ისე დასახლებული და მითუმეტეს, ზამთარში ცარიელია ის სოფლები. ათ კილომეტრში მოსახლეობა დენის გადასახადისგან გაათავისუფლონ და მოიხსნება ეს პრობლემა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ენუქიძემ პლენარულ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულ მოძრაობას დეპუტატები მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურნენ, რაც 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

„მე ველაპარაკე მინისტრის მიადგილეს. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია არის სწორად შედგენილი და ამიტომ, აქ რაც ითქვა, სწორია, რომ სწორი კომუნიკაცია უნდა შედგეს მოსახლეობასთან. იყო ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, 10 კილომეტრში რომელი სოფლებიც არსებობს, გათავისუფლდებიან დენის გადასახადისგან. შეიძლება იმ თურქმა იყვიროს, რომ მე უკვე გავეცი, რაც გასაცემია და მეტს აღარ გავცემო. ამიტომ არ ხდება ალბათ ეს. თორემ, მე მაგალითები შემიძლიათ დაგისახელოთ, არის სოფლები, სადაც მოსახლეობა წყლის გადასახადს არ იხდის კომუნისტებიდან მოყოლებული იმიტომ, რომ მთავრობის დადგენილებითაა ეს ყველაფერი და მათი სავარგულები გააფუჭა იმ ხაზებმა, რითიც თბილისი წყლით მარაგდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

დღევანდელ სხდომაზე ნამახვანჰესის საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. „პარლამენტს ამისთვის აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან უმრავლესობაც და ოპოზიციაც გამოდის მოთხოვნით, რომ ამასთან დაკავშირებით იყოს აქტიური დისკუსია პარლამენტში.

მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრისთვის უნდა მოგვესმინა. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში ამ თემაზე სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 4 თვეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიციამ აქცია ორჯერ დაშალა.

ერთი თვის წინ, პარლამენტს მიმართეს პეტიციით, რომელსაც 10 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციით ითხოვენ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა; დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები; მთავრობამ შეწყვიტოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება; გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

პეტიციის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 16 თებერვალს უნდა განეხილათ. კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, ასეთ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხების განხილვას“. პეტიცია, რომელიც რიონის ხეობაში ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და მის შესწავლას ითხოვს, პარლამენტმა განსახილველად ისევ მთავრობას გაუგზავნა.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]