weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არაინფორმირებულობაა პროტესტის მიზეზი – ქუთაისის მაჟორიტარი ნამახვანჰესზე

12:11 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

„ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ლომინაძის აზრით, არაინფორმირებულობაა იმის მიზეზი, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გასაპროტესტებლად ქუთაისში მოქალაქეები ქვეყნის თითქმის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ. ამასთან, ლომინაძის თქმით, ინვესტორმა კომპანიამ სათანადოდ არ შეასრულა პირობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას ეხება.

„დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს – საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აიტაცეს და აპროტესტებენ სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.

ამ თემაში ვიყოთ აბსოლუტურად ჩართულები ჩვენ – პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა. დამატებით, ჩვენთან მოვიწვიოთ პრესა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა.

შთაბეჭდილება რჩება, რომ არაინფორმირებულობა არის მიზეზი იმის, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩვენი მოსახლეობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული, რომელიც ნამახვანი ჰესის უმნიშვნელოვანესი პროექტის მშენებლობას აპროტესტებდა.

ასევე, მოვუწოდოთ ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება, მაქსიმალურად დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები. დღევანდელი ინფორმაციით, ეს პირობები მათი მხრიდან, სამწუხაროდ, შესრულებული არ არის.

გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ შეხვედრას, რომელიც ფართომასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიაში გაგრძელდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები არ იტყვიან უარს „ნამახვანჰესის“ საკითხზე საპარლამენტო დისკუსიებში მონაწილეობაზე, თუ ასეთ მოთხოვნას დეპუტატები დააყენებენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 4 თვეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიციამ აქცია ორჯერ დაშალა.

ერთი თვის წინ, პარლამენტს მიმართეს პეტიციით, რომელსაც 10 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციით ითხოვენ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა; დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები; მთავრობამ შეწყვიტოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება; გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

პეტიციის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 16 თებერვალს უნდა განეხილათ. კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, ასეთ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხების განხილვას“. პეტიცია, რომელიც რიონის ხეობაში ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და მის შესწავლას ითხოვს, პარლამენტმა განსახილველად ისევ მთავრობას გაუგზავნა.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]