weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აწარმოე საქართველომ“ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია ნახევარი მილიონით დააფინანსა

17:11 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

„ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში (33%) არსებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა, 2017-2020 წლებში, სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიის სახით 528 150 ლარი მიიღო.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა დეპუტატის კომპანიამ, რომელიც მესტიის ცენტრში სასტუმრო POSTA HOTEL-ს ფლობს, პირველი სუბსიდია რეგისტრაციიდან 12 დღეში, 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. შპს „სეტი +“-ზე 227 283 ლარი სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გასცა. 2018 წელს კომპანიამ ამავე სააგენტოდან 37 888 ლარი მიიღო, ხოლო 2020 წელს სააგენტოს პროგრამიდან „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ 262 979 ლარით დაფინანსდა.

„შპს „სეტი+“ ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. მან 2019-2020 წლებში 114 782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა (შპს „ექსპერტ ჰაუსი“ და „TOB ქონსთრაქშენი“) 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს.

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნებას“ 2012 წლიდან დღემდე 410 000 ლარი შეწირეს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა, ერთი მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, მეორე მხრივ კი - სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

ვიქტორ ჯაფარიძის განმარტებით, მას კანონი არ დაურღვევია და კომპანიამ სუბსიდიის სახით ის თანხა მიიღო, რასაც სხვა მოქალაქეებიც მიიღებდნენ. მისივე თქმით, კომპანია „სეტი +“ მართვაში მეუღლეს გადასცა და ზუსტად არ იცის, რა ოდენობის სუბსიდიაზეა საუბარი.

„მე და ჩემი ოჯახის წევრები ვართ თუ არა საქართველოს მოქალაქეები? ჩვენ რატომ არ უნდა ვისარგელოთ იმ უფლებებით, რითიც სხვები სარგებლობენ? სასტუმრო აშენდა, სადაც 6 მილიონი ინვესტიცია გაკეთდა ბანკით. ბანკის დაფინანსებას თუ მოიპოვებს კომპანია, ბანკი თვითონ გზავნის დოკუმენტაციას „აწარმოე საქართველოში“ და თუ სტანდარტებს აკმაყოფილებს, აფინანსებენ. „აწარმოე საქართველოში“-მ უნდა გამოარჩიოს - ესენი ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის წევრები არიან და არ გავუკეთოთო? ეს კომპანია მართვაზე გადაცემულია ჩემს მეუღლეზე და მას ჰყავს დაქირავებული მენეჯერი. მართლა არ ვიცი, რამდენი იყო სუბსიდია. ალბათ, რაც ეკუთვნოდა და რასაც სხვაზე დახარჯავდნენ, იმას დახარჯავდნენ ჩვენზეც. შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ, რა შესანიშნავი რამ გაკეთდა სვანეთში.

თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, რომ „აწარმოე საქართველოში“-მ ან სხვა ვინმემ, კანონთან შეუსაბამო საქციელი ჩაიდინა, მოვალე ბრძანდება სამართალდამცავ ორგანოს შეატყობინოს. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. კორუფციასთან საქმე არ მაქვს“, – უთხრა „რეგინფოს“ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულ თანხებს, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ეს არც არასდროს დაუმალავს: „მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ „ქართული ოცნების“ და კიდევ შევწირავ, როცა დასჭირდება. აბა ვის შევწირავდი, ქვეყნის დამაქცევრებს, რომლებმაც საქართველოდან გამაქციეს?“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]