weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა ყალბი ჩანაწერების გამოქვეყნება – ქართული ოცნება

00:20 ორშაბათი, 08 მარტი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, 6 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ მაყურებელმა „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია იხილა და მოისმინა“. როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაყალბებული საუბარი“ შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი, არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ.

ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ“, – აცხადებს მმართველი პარტია.

„ქართულ ოცნებაში“ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ „საგულდაგულოდ დამონტაჟებული“ ჩანაწერი „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. 

„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ უარს არასოდეს იტყვიან კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე და მზად არიან, დიალოგის გაგრძელებისთვის, რისკენაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]