„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილედ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2017 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. ვასილ მაღლაფერიძემ ეს თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა.