„გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი. კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია“, - წერს მეჭიაური.
თამაზ მეჭიაური 2012-2016 წლებში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატი ის საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით გახდა. 2016 წლის მაისში მან „ქართული ოცნება“ დატოვა და საკუთარი პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თამაზ მეჭიაური კენჭს დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კანდიდატურა მოხსნა. აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიიდან“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლებიც არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი გამგებლის ნაცვლად მერი იქნება. შესაბამისად, როგორც 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი), ისე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (თემებში) მერის არჩევა მოხდება.